ახლომდებარე მენი, გერნზი და ჯერზი გაერთიანებულ სამეფოს არ ეკუთვნის; ისინი წარმოადგენენ სამეფოს დაქვემდებარებაში მყოფ გვირგვინის მიწებს, რომელთა წარმომადგენელი და მცველი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა.[19] ბრიტანეთის გავლენა მკაფიოდ შეინიშნება მისი ყოფილი კოლონიების ენაში, კულტურასა და პოლიტიკურ სისტემაში.[20][21][22][23][24] ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მსოფლიოში მე-6 უდიდესია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუტის (PPP) მიხედვით მე-9 ადგილს იკავებს. გააჩნია მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა და ადამიანის განვითარების ინდექსის ძალიან მაღალი რეიტინგი (მსოფლიოში მე-14 ადგილი). იყო მსოფლიოში პირველი ინდუსტრიული ქვეყანა და უპირველესი ძალა XIX-XX საუკუნეების დასაწყისში.[25][26] დიდი ბრიტანეთი რჩება დიდ ძალად, საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო, სამეცნიერო და პოლიტიკური გავლენით.[27][28] არის ბირთვული კლუბის წევრი; სამხედრო ხარჯების მიხედვით იკავეს მსოფლიოს მე-6 პოზიციას.[29] 1946 წლის პირველი სესიიდან მოყოლებული, არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.
ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი აიხსნას კელტური ქალღმერთის — ბრიგიდის სახელის მიხედვით.
XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებსა და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.
გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.
ფართობი — 244 013 კვ. კმ. საზღვრები: მთლიანი — 8257 კმ; ინგლისი და უელსი — 3880 კმ; შოტლანდია — 4023 კმ; ჩრდილოეთი ირლანდია — 354 კმ. გეოგრაფიული რაიონები — შოტლანდიისა და ანტრიმის მაღლობები, ტბათა რაიონი, ლეინისა და გოუერის ნახევარკუნძულები.
ბუნება: მთათა სისტემები — ბრეკონ-ბიკონსი, კამბრიის მთები, გრამპიანი, პენინები. უმაღლესი მწვერვალი — ბენ-ნევისი 1344 მ; მთ. მდინარეები (კმ) — ბანი, დიი, ერნი, სევერნი, თემზა 338; უდ. ტბა (კვ.კმ) — ლოხ-ნესი 396; მთავარი კუნძულები (კვ. კმ) — დიდი ბრიტანეთი 229 885, ირლანდია 14 120 (სულ 84 420), ჰებრიდის კუნძულები 7283, შოტლანდიის კუნძულები 1433, ორკნის კუნძულები 976; კლიმატი — ოკეანური, ზომიერი.
სიმბოლოები: ჰიმნი — God Save the King (Queen); სამეფო დევიზი - Dieu et mon droit.
პოლიტიკური სისტემა — უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური — ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები. მე-20 საუკუნის მონარქები: ედუარდ VII (1901-10), ჯორჯ V (1910-36), ედუარდ VIII (1936), ჯორჯ V (1936-52), დედოფალი ელისაბედ II (ELIZABETH II, რიგით მე-40 ბრიტანელი მონარქი, ტახტზეა1952 წლიდან).
მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი (2016).
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა (738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).
აღწერა გაერთიანებული სამეფოს ყველა წევრ ქვეყანაში ერთად, ათ წელიწადში ერთხელ ტარდება.[30] 63 181 775 მოსახლეობით (2011 წლის აღწერით),[31] სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში, ხოლო 22-ე უდიდესი – მსოფლიოში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5 %), შოტლანდიელები (9,6 %), ირლანდიელები (2,4 %), უელსელები (1,9 %) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8 %). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩავიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91 % ცხოვრობს ქალაქში.
ინგლისის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით დაახლოებით 53 მილიონია.[32] ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა: 2015 წლის შუა პერიოდში 420 ადამიანი ცხოვრობდა კვადრატულ კილომეტრზე.[33] განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულია ლონდონი და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.[34] 2011 წლის აღწერის შედეგად შოტლანდიის მოსახლეობამ 5.3 მილიონი შეადგინა,[35] უელსმა – 3.06 მილიონი, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიამ – 1,81 მილიონით.[32]
2017 წელს საშუალო შობადობის მაჩვენებელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით შეადგენდა 1.7 ბავშვს/ქალზე.[36] აღნიშნული მაჩვენებელი 1964 (2.95 ბავშვი/ქალზე)[37] და 1815 (6.02 ბავშვი/ქალზე)[38] წლების შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა აღემატება 2001 წლის (1.63 ბავშვი/ქალზე) მაჩვენებელს.[39] 2011 წელს, ახალშობილთა 47.3% დაუქორწინებელ ქალებზე მოდიოდა.[40] 2018 წელს გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენდა 41.7 წელს.[41]
ანგლოფონები. მუქი ლურჯით აღნიშნული სახელმწიფოების და ტერიტორიების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინგლისურად, ან ინგლისურ კრეოლზე საუბრობენ, ხოლო ღია ლურჯით აღნიშნულია ის ქვეყნები, სადაც ინგლისური ოფიციალური ენაა, თუმცა არა უმრავლესობის ენა. ინგლისური ევროკავშირში[42] და აშშ-ში[43] ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ენაა.
გაერთიანებული სამეფოს დე-ფაქტო ენა არის ინგლისური.[44][45] დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 95% არის ინგლისურენოვანი მონოლენგუალი.[46] სამხრეთ აფრიკულ ენებზე, მათ შორის, პენჯატურ, ჰინდურ, ბენგალურ და გუჯარათულ ენებზე მოსაუბრეები, ქმნიან გაერთიანებული სამეფოს უდიდეს ლინგვისტურ ჯგუფს (ანგლოფონების გარდა), რომელშიც მთლიანი მოსახლეობის 2.7% შედის.[46] 2011 წლის აღწერის მიხედვით, ლინგვისტურ უმცირესობებს შორის მეორე ყველაზე გამოყენებადი ენაა პოლონური, რომელზეც 546,000 საუბრობს.[47]
გაერთიანებულ სამეფოში ვხვდებით სამ ძირძველ კელტურ ენას: უელსურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ-გელურ ენებს. სამეფოში ცდილობენ კორნული ენის, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს გაქრა, როგორც მშობლიური ენა, აღორძინებას: ვხვდებით მცირე ჯგუფს, რომლის წევრებიც კორნულს მეორე ენის სტატუსით ფლობენ.[48][49][50][51] 2011 წლის აღწერის მონაცემებით, უელსის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედმა (19%) თქვა, რომ მათ შეეძლოთ უელსურად საუბარი.[52][53] გარდა ამისა, დადგენილია, რომ ინგლისში დაახლოებით 200 000 ადამიანს შეუძლია უელსურად საუბარი.[54] ამავე აღწერის დროს ჩრდილოეთ ირლანდიაში 167,487 ადამიანი (10.4%) აცხადებდა, რომ ისინი „ირლანდიურს გარკვეულ დონეზე ფლობდნენ“. შოტლანდიაში 92000-ზე მეტმა ადამიანმა (მოსახლეობის მხოლოდ 2% -ზე ნაკლები) გარკვეულ დონეზე იცოდა გელური ენა, მათ შორის 72% ცხოვრობს გარე ჰებრიდებში.[55] სამეფოში იზრდება იმ ბავშები რიცხვი, რომლებიც უელსურ ან შოტლანდიურ-გელურ ენებს სწავლობენ.[56]
რელიგია
ამჟამინდელი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიებზე უკვე 1400 წელია, რაც ქრისტიენული რელიგიები დომინირებენ.[57] მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა რელიგიურ მრწამსს ჯერ კიდევ ქრისტიანობას უკავშირებს, ეკლესიის რეგულარული დასწრება მკვეთრად დაეცა XX საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ,[58] ხოლო ემიგრაციამ და დემოგრაფიულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო სხვა სარწმუნოების, განსაკუთრებით, ისლამის, ზრდას.[59]
2001 წლის აღწერის მიხედვით, გამოკითხულთა 71.6%-მა აღნიშნა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, შემდეგი მოდიოდნენ ისლამის (2.8%), ინდუიზმის (1.0%), სიქიზმის (0.6%), იუდაიზმის (0,5%), ბუდიზმის (0.3%) და ყველა სხვა რელიგიის (0.3%) მიმდევრები. გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ისინი არცერთ ერლიგიას მისდევდნენ, ხოლო 7%-მა გამოკითვაში მონაწილეობაზე უარი თქვა.[60] 2007 წელს ტარფუნდის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ კვირას ეკლესიაში დაახლოებით ერთი მეათედი დადიოდა.[61] 2001-2011 პერიოდში, სამეფოში იმ ადამიანთა რიხვი, რომლებიც თავს ქრისტიანად მიიჩნევდნენ, 12%-ით შემცირდა, ხოლო ურელიგიოთა რიცხვი გაორმაგდა. აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდში მუსლიმთა რაოდენობა 1.6 მილიონიდან (2001) 2.7 მილიონამდე (2011) გაიზარდა,[62] რითაც მუსლიმები რიგით მეორე უდიდესი რელიგიური ჯგუფი გახდნენ გაერთიანებულ სამეფოში.[63]
გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე. წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1 %-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[64]
ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[65] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.
მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი მსფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონი, სტრატფორდი მდ, ეივონზე, უინძირო, ედინბურგი და ა. შ.
ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონული თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელი დილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, The Beatles-ისა და როლინგ სტოუნზის პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირსშესანიშნაობანი:
უემბლი (London), ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი, არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი რაც კი ოდესმე აშენებულა.[66]
ვიქტორიანული ეპოქის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა ან დიდად, მნიშვნელოვნად განვითარდა სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა: ფეხბურთი, ჩორბურთი, რაგბი, რაგბი ლიგა, გოლფი, კრივი, ნეტბოლი, ნიჩბოსნობა და კრიკეტი. 2012 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჟაკ როგემ, თქვა: „ეს დიდი, სპორტისმოყვარული ქვეყანა ფართოდ არის აღიარებული, როგორც თანამედროვე სპორტის სამშობლო. პირველად, აქ დაშიფრეს სპორტსმენისა და სამართლიანი თამაშის ცნებები გარკვეულ წესებში და აქ შედიოდა სპორტი სკოლის სასწავლო გეგმაში, როგორც სასწავლო ხელსაწყო“.[67][68]
საერთაშორისო კონკურსების უმეტესობაში ინგლისს, შოტლანდიასა და უელსს ცალკეული გუნდები წარმოადგენენ. ჩრდილოეთ ირლანდიას და ირლანდიის რესპუბლიკას, ჩვეულებრივ, ერთი გუნდი ჰყავთ, რომელიც მთლიან ირლანდიას წარმოადგენს საერთაშორისო შეჯიბრებებზე (გამონაკლისია ფეხბურთი და თანამეგობრობის თამაშები). სპორტულ კონტექსტებში, ინგლისის, შოტლანდიის, უელსის და ირლანდიის/ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდებს ხშირად კოლექტიურად მოიხსენიებენ, როგორც საშინაო ერები. არის რამდენიმე სპორტი, რომელშიც ერთი გუნდი წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ყველა ქვეყანას (ოლიმპიადის ჩათვლით); ამ შემთხვევაში გუნდი დიდი ბრიტანეთის სახელით ასპარეზობს. 1908, 1948 და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადები ჩატარდა ლონდონში; ამით იგი გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა.
2003 წლის გამოკითვამ აჩვენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია.[69] ინგლისი ფიფას მიერ აღიარებულია, როგორც ქვეყანა, სადაც ფეხბურთი წარმოიქმნა; მისი ფეხბურთის ასოციაცია ყველაზე ძველია ფეხბურთის წესებით, რომელიც პირველად 1863 წელს ებენეზერ-კობ მორლიმ შეადგინა.[70][71] სამეფოს თითოეულ წევრ ქვეყანას გააჩნია საკუთარი საფეხბურთო ასოციაცია, ეროვნული გუნდი და ლიგის სისტემა. ინგლისის უმაღლესი დივიზია, პრემიერლიგა, ყველაზე ყურებადი საფეხბურთო ლიგაა მსოფლიოში.[72] პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა 1872 წლის 30 ნოემბერს, ინგლისისა და შოტლანდიას შორის.[73] ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატებში, ჩვეულებრივ, ცალკეული ქვეყნის სტატუსით ასპარეზობენ.[74]
2003 წელს, რაგბი გაერთიანებული სამეფოს სპორტის მეორე ყველაზე პოპულარული სახეობა გახდა.[69] სპორტის სახეობა შეიქმნა რაგბის სკოლაში, იურიკშირში, და პირველი რაგბის საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა 1871 წლის 27 მარტს ინგლისსა და შოტლანდიას შორის.[75][76] ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი და იტალია ასპარეზობენ ექვსი ერის ჩემპიონატში (ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პრემიერლიგის საერთაშორისო ტურნირში). ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ირლანდიაში აღნიშნულ სპორტის სახეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ორგანიზებას სპორტის მმართველი ორგანოები დამოუკიდებლად უწევენ.[77] ოთხ წელიწადში ერთხელ, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი ქმნის გაერთიანებულ გუნდს, რომელიც ცნობილია როგორც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები. გუნდი სტუმრობს ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას.
კრიკეტი ინგლისში გამოიგონეს, ხოლო მისი წესები, 1788 წელს, მარილებონის კრიკეტის გუნდმა ჩამოაყალიბა.[78] ინგლისის კრიკეტის ნაკრები, რომელსაც ინგლისისა და უელსის კრიკეტის საბჭო მართავს, და ირლანდიის კრიკეტის ნაკრები, რომელსაც კრიკეტ-ირლანდია მართავს, წარმოადგენენ ინგლისის კლუბებს, რომლებსაც ტესტ სტატუსი გააჩნიათ. გუნდის წევრები არიან ქვეყნის მთავარი მხარეებიდან არიან არჩეულნი და მასში როგორც ინგლისელი, ისე უელსელი მოთამაშეები შედიან. კრეკეტი განსხვავდება ფეხბურთისა და რაგბისაგან, სადაც უელსსა და ინგლისს ცალკეული ეროვნულ გუნდები ჰყავთ; აღსანიშნავია, რომ უელსს წარსულში საკუთარი გუნდი ჰყავდა. ირლანდიელი და შოტლანდიელი კრიკეტის მოთამაშეები ინგლისში თამაშობდნენ, რადგან არცერთ მათგანს არ გააჩნდა ტესტ სტატუსი. ქვეყანაში ვხვდებით პროფესიონალური ლიგის ჩეპიონატსაც, რომელში ასპარეზობენ ინგლისის 17 მუნიციპალიტეტისა და 1 უელსის წარმომადგენლები გუნდები.[79]
თანამედროვე თამაში, ჩოგბურთი, ბირმინგემში (ინგლისში), 1860-იან წლებში წარმოიქმნა.[80] მსოფლიოს უძველესი ჩოგბურთის ჩემპიონატი, უიმბლდონის ტურნირი, პირველად 1877 წელს ჩატარდა, დღეს კი, აღნიშნული ჩემპიონატი ორ კვირის განმავლობაში, ივნისის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე, მიმდინარეობს.[81]
გოლფი, მიმდევართა რაოდენობით, ქვეყნის მეექვსე ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.
↑United Kingdom Permanent Committee on Geographical Names. (May 2017) Toponymic guidelines for the United Kingdom. ციტატა: „usually shortened to United Kingdom ... The abbreviation is UK or U.K.“
↑Definition of Great Britain in English. Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2016. ციტატა: „Great Britain is the name for the island that comprises England, Scotland and Wales, although the term is also used loosely to refer to the United Kingdom.“ ციტირების თარიღი: 29 October 2014.
↑Devolution of powers to Scotland, Wales and Northern Ireland. United Kingdom Government. ციტატა: „In a similar way to how the government is formed from members from the two Houses of Parliament, members of the devolved legislatures nominate ministers from among themselves to comprise executives, known as the devolved administrations...“ ციტირების თარიღი: 17 April 2013.
↑Key facts about the United Kingdom. Directgov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2012. ციტატა: „The full title of this country is 'the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland'. Great Britain is made up of England, Scotland and Wales. The United Kingdom (UK) is made up of England, Scotland, Wales and Northern Ireland. 'Britain' is used informally, usually meaning the United Kingdom. The Channel Islands and the Isle of Man are not part of the UK.“ ციტირების თარიღი: 6 March 2015.
↑Hogg, p. 424 chapter 9 English Worldwide by David Crystal: "approximately one in four of the worlds population are capable of communicating to a useful level in English".
↑ (2007) „A Globalizing Constitutionalism?, Views from the Postcolony, 1945-2000“, Constitutionalism and political reconstruction. Brill, გვ. 92–94. ISBN978-90-04-15174-1.
↑ (2005) "Great+power" Balance of Power. State University of New York Press, გვ. 59, 282. ISBN978-0-7914-6401-4.Accordingly, the great powers after the Cold War are Britain, China, France, Germany, Japan, Russia and the United States p. 59
↑Field, Clive D. (November 2009). "British religion in numbers". BRIN Discussion Series on Religious Statistics, Discussion Paper 001. Retrieved 7 March 2015.
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა. 2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური. 3 იყენებს სახელს პრეზიდენტი.