აბას I (ირანი)
აბას I, შაჰ-აბას დიდად წოდებული (დ. 27 იანვარი, 1571 ― გ. 19 იანვარი, 1629) — ირანის შაჰი (1587-1629) სეფიანთა დინასტიისა, შაჰ-მუჰამად ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი. მის დროს სეფიანთა ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა და თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. დახასიათებაშაჰ-აბასი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. ქართული წყაროებით, იგი იყო „კაცი მცბიერი და მოყვარე მზაკვრობისა“[1], „მცბიერი, ხვანჯიანი, უნდო და მტერი ყოველთა მემკვიდრეთა“[2]. ასევე ახასიათებს მას თეიმურაზიც: „მძლავრი, უწყალო, ქრისტეანეთა მტანჯველი, ეროდიას წილ მჯდომელი, უბრალოს სისხლთა მჩქეფელი“. „ქვეყნის ამაოხრებელს“ უწოდებს შაჰ-აბასს არაქელ დავრიჟეციც. მართლაც, „დიდი, დიდი სახელმწიფო მოღვაწის უტყუარ ნიჭთან ერთად მას თანდაყოლილი ჰქონდა პირადი ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც მას ხშირად ადამიანურ სახეს უკარგავდნენ და კაცურ ქცევას ავიწყებინებდნენ. შაჰ-აბასი მცირე რამის გამოც ისეთს თავშეუკავებელ მრისხანებას იჩენდა ხოლმე, ისეთი ხშირად სრულიად უაზრო სისხლისზღვრა, შემაძრწუნებელი ვერაგობა და შემზარავი შურისძიება იცოდა თავის მახლობელთა წრეშიაც, რომ უნებლიეთ მისი გონებრივი ნორმალურობის შესახებ ეჭვი იბადება“[3]. ამასვე მიუთითებენ სხვა მკვლევარებიც[4]. საშინაო პოლიტიკააბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან ომში (1578-1590) მარცხი განიცადა. 1590 წელს აბას I იძულებული გახდა ოსმალეთთან დაედო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ენერგიულად შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები (ე.წ. "ახალი არისტოკრატია"). მაგ., ისპაანის ტარუღა აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. ქართველებს ნიშნავდნენ ირანის პროვინციების ბეგლარბეგებად. ყულარაღასის თანამდებობაც ხშირად ქართველებს ეჭირათ. ქართველები დაწინაურდნენ კულტურულ სარბიელზეც. აბას I-მა ჩაატარა სამხედრო რეფორმა. შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა - ძმებმა ანტონ და რობერტ შერლებმა. 1598 აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა. ირანის ცენტრალური რაიონების აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605) და ქართველი გლეხები (1616 - კახელების გადასახლება ირანში), ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებას. საგარეო პოლიტიკააბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1601-1602 წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად (1603-1618 და 1623) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. 1597 წელს უზბეკებს წაართვა ხორასანი, 1622 წელს დიდ მოგოლებს — ყანდაარი. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. 1622 ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის აღებას ხელმძღვანელობდა იმამყული-ხან უნდილაძე). ირანი და საქართველოაბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. 1614, 1616 და 1617 წლებში ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით ოთხჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა (იხ. აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში), 1624 წელს აბას I-ის ბრძანებით, სარწმუნოების შეცვლის მოთხოვნით, სასტიკად აწამეს კახეთის დედოფალი ქეთევანი, 1625 წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (იხ. მარაბდის ბრძოლა 1625). ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 (იხ. მარტყოფის ბრძოლა) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. ოჯახიცოლები და ხარჭები
შვილები
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო
Information related to აბას I (ირანი) |
Portal di Ensiklopedia Dunia